არჩილ თალაკვაძე - ტერორზე დაფუძნებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან ისმის მუქარები პოლიციელების მიმართ, გასაქანი თუ მიეცემათ, ადვილად წარმოსადგენია, რას გააკეთებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მუქარები, რომ თითოეულ პოლიციელს ამოიცნობენ და მათზე გაავრცელებენ ინფორმაციას, დევნის, ანგარიშსწორების ის მეთოდებია, რომლებიც დღესაც ამოძრავებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“.
თალაკვაძის თქმით, გასაქანი თუ მიეცემათ, ადვილად წარმოსადგენია, რას გააკეთებენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, შური იძიონ ხალხზე და საკუთარ ქვეყანაზე.
„ისმის ადამიანის უფლებების, მისი ღირსების შელახვის, ტერორზე დაფუძნებული რეჟიმის წარმომადგენლების მოწოდებები და განცხადებები, რომ ამოვიცნობთ თითოეულ პოლიციელს და ყველას ვეტყვით, ისინი ვინ არიან. ასეთი მუქარები ისმის. მათი მუქარების არავის ეშინია. ეს არის დევნის, ძალადობის, ანგარიშსწორების და შურისძიების ის მეთოდები, რომელიც დღესაც ამოძრავებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამ ადამიანებს, მათ ძალადობრივ გეგმებს თუ მიეცემათ გასაქანი, თუ შეძლებენ საზოგადოების ერთი ნაწილის შეცდომაში შეყვანას, რომ უნდა დადგნენ მათ გვერდით, ამ გეგმის გვერდით, სადაც თურმე გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება არ არის საჭირო, თურმე უცხოეთიდან შემოსული ფული ისე უნდა შევიდეს პოლიტიკაში და მოხმარდეს ქვეყნის არევას, რომ მოქალაქეებმა ამის შესახებ არც კი იცოდნენ, მაშინ ადვილად შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას გააკეთებენ ეს ადამიანები. რას გააკეთებენ მათი თანამოაზრეები, რომლებიც მზად არიან შურისძიებისთვის, შური იძიონ ხალხზე და ქვეყანაზე. სახელმწიფო ინსტიტუტებს და სამართალდამცველებს აქვთ სრული პოლიტიკური მხარდაჭერა, უზრუნველყონ კანონის უზენაესობა, დაიცვან უსაფრთხოება, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველა პოლიციელის ვინაობას ვადგენთ. ძალზე ცუდი დღეები გელით, ერთი მხრივ – სახალხო სირცხვილი, მეორე მხრივ – პასუხისგება“.