არჩილ თალაკვაძე - თებერვლიდან რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი შედგება, სადაც კონგრესში ჩვენს მეგობრებს სრულ არგუმენტაციას მივაწვდით
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თებერვლიდან აშშ-ში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტია დაგეგმილი.
თალაკვაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს აქვს არაერთი პოზიტიური შეფასება მიღებული, რაც ასახულია ოფიციალური შეფასების ანგარიშებშიც.
„ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი ამ წლების განმავლობაში – ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადამიანის უფლებები, პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები, ეს არის კონსტიტუციური ბალანსი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმით იქნა მიღწეული, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ჯანდაცვის სექტორი და სხვა მნიშვნელოვანი სექტორი, სადაც ჩვენ ჩავატარეთ რეფორმები. ეს პროგრესი არის აღიარებული როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თალაკვაძის განცხადებით, ინტენსიური კომუნიკაცია იგეგმება კოლეგებთან აშშ-ის კონგრესში.
„რაც შეეხება ჩვენი მეგობრების განცხადებებს კონგრესიდან, უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტები. რამდენიმე ასეთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება თებერვლიდან. ჩვენ მათთან გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია და ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც სრულ არგუმენტაციას ჩვენ მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მივაწვდით. ასე რომ, მესმის, არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები ჩვენი მისამართით უხარია. ასევე, ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვინც ამ ყველაფერზე პასუხებს მოამზადებს და ექნებათ ნორმალური დიალოგი კოლეგებთან. აშშ-სთან საქართველოს აქვს სტრატეგიული თანამშრომლობა, კავშირი ჩვენს მოქალაქეებს შორის, მთავრობებს შორის, პოლიტიკოსებს შორის და ეს ყველაფერი იქნება გამოყენებული ქვეყნის სასარგებლოდ“,- განაცხადა თალაკვაძემ.