არჩილ თალაკვაძე - თანამდებობა, სავარძელი „ქართული ოცნების“ გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი არ არის
არაერთხელ მითქვამს, რომ მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულებისთანავე, საჭირო იქნებოდა წასვლა ამ პოსტიდან. როდესაც პარლამენტში გვყავს კონკურენტული ოპოზიცია, ჩემი ადგილი არის დარბაზში, საჭიროა გუნდის გაძლიერება, საჭიროა ვაჩვენოთ ამ ოპოზიციას, თუ რას ნიშნავს რეალური დემოკრატია, რას ნიშნავს ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ამ პარლამენტში გავაკეთეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„დღეს ყველა ხედავთ, რომ ჩვენს მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმებით გვყავს წარმომადგენლობითი ოპოზიცია, სადაც არაერთ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციას აქვს საშუალება, რომ საკუთარი ხედვები, საკუთარი პროექტები წარმოადგინონ, იკამათონ, შევიდნენ დებატებში. სწორედ ეს გვსურდა და მე სწორედ ამიტომ ვმონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში. მიმაჩნია, რომ ეს შეთანხმება იყო აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ვხელმძღვანელობდით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით და დღეს ყველა ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება ნორმალურ კალაპოტში. მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. პარლამენტს, სჯობს, გაუძღვეს ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირ მხარე ამ მოლაპარაკებებში, ვინაიდან მე, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს მოგვიწევს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დებატები, ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები და დისკუსიაში შესვლა ხელმომწერ ოპოზიციასთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის გაძლიერებაა საჭირო.
„პირველმა განხილვებმა აჩვენა, რომ ამ შეთანხმებას დასჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო და „ქართული ოცნების“ და ჩვენი გუნდის ინტერესებში შედის, რომ ჩვენი უმრავლესობა, დარბაზი იყოს ძალიან ძლიერი პოზიციებით წარმოდგენილი. მესმის, იმ ადამიანების, ვისაც აქვს აღტკინება და სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, მესმის, არ სჯერათ, რომ შეიძლება ადამიანმა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები. თანამდებობა, სავარძელი, არ არის „ქართული ოცნების“ გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენი პოზიციები, ჩვენი თანამდებობები გამოვიყენოთ წინსვლისთვის, პროგრესისთვის. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გადალახულია, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო და პოლიტიკურ საბჭოში ლიდერები დემოკრატიული დისკუსიის შედეგად ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
პარტიის თავმჯდომარე არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვს და ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი გამარჯვებებისთვის, მათ შორის საარჩევნო კამპანიებში. პრემიერ-მინისტრი გახლავთ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთავრობის მიმართულებაზე გახლავთ პასუხისმგებელი. მე ვფიქრობ, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ზუსტად იმ მომენტში და იმ არგუმენტებით, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. ეს არის იმის დამსახურება, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღების ჯანსაღი პროცესი არსებობს. როდესაც ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, მე მქონდა გუნდის ლიდერებთან საუბარი არაერთხელ და ისინი დაადასტურებენ ამას. ლიდერებთან მქონდა კონსულტაცია. ადამიანები, რომლებიც სკამებზე არიან შეყვარებული, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არასდროს ეთმობოდათ თანამდებობები და ამისთვის საზოგადოებრივ ინტერესსაც სწირავდნენ, რა თქმა უნდა, მათთვის გაუგებარი იქნება, რა გადაწყვეტილება მივიღე მე და მათ შორის გუნდის ლიდერებმა წარსულში, არაერთხელ“, – განაცხადა თალაკვაძემ.