არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის.
„ამ გადაწყვეტილებამ, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპენსაცია დააკისრა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის და ვისაც მეტი ძალა აქვს, იმას ყველაფერი არ გაუვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია და აღნიშნული მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დაასრულა. უმრავლესობის ლიდერი ამისთვის იუსტიციის სამინისტროს მადლობას უხდის.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე.