არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის არის ძალიან მძიმე დარტყმა, საქართველოსთვის კი დიდი გამარჯვება
არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის არის ძალიან მძიმე დარტყმა, საქართველოსთვის კი დიდი გამარჯვება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის არის ძალიან მძიმე დარტყმა, საქართველოსთვის კი დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საერთაშორისო მექანიზმების საშუალებით მოხდება.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს ძალიან დიდი წონა. ეს არის ახალი საერთაშორისო მნიშვნელოვანი არგუმენტი საქართველოსთვის და მისი პარტნიორებისთვის, რათა მომავალში გააგრძელოს რუსეთთან პრინციპული საუბარი, რომ მათ დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რაც შეეხება ამის აღსრულების მექანიზმებს, არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია იმ ფორმატებში, რომლებშიც მონაწილეობს რუსეთი, მათ შორის ევროპის საბჭოშიც. შესაბამისი მექანიზმებით მოხდება უკვე ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე პროცესის მიმართვა.

ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი მიღწევა არის ის, რომ საქართველომ ევროსასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. იქ პირდაპირ არის გაცხადებული, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დევნილობაში არიან აქვთ უფლება, დაბრუნდნენ თავის სახლებში. რუსეთის ფედერაცია ამხილეს ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო კონტროლში და ადამიანის უფლებათა კონვენციური მუხლების მძიმე დარღვევებში. საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა რუსეთის ფედერაციისთვის და დიდი გამარჯვება საქართველოსთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის გამოიყენონ.

„ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ საერთაშორისო სამართლის ნებისმიერ მშვიდობიან მექანიზმებს, რათა ეს გადაწყვეტილებაც გამოვიყენოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენისთვის.  ყველა საერთაშორისო ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია, დატოვოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.