არჩილ თალაკვაძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ეს ფაქტია და ამას ვერცერთი ელჩის განცხადება ვერ შეცვლის
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მას სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება, ეს ფაქტია და ამას ვერცერთი ელჩის განცხადება ვერ შეცვლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს უილიამ კორტნის, იან კელის, რიჩარდ მაილსის, ჯონ ტეფტისა და კენეტ იალოვიცის ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სააკაშვილისთვის საჭირო ზრუნვა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება: სააკაშვილმა უნდა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და მიიღოს მკურნალობა, ასევე აღადგინოს სრულფასოვანი კვება.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არა სანქციები, არამედ ამ ორი პირობის შესრულება სჭირდება. ამიტომ ელჩებმა, მისმა მეგობრებმა, მისმა გარემოცვამ, ვისაც მისი ჯანმრთელობა მართლა აწუხებთ, ამ ორ საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკითხის პოლიტიზირებას ემსახურება, რაც ექიმებს ხელს უშლის, რომ ამ ადამიანს სრულფასოვნად უმკურნალონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.