არჩილ თალაკვაძე - სტოლტენბერგის განცხადება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის, ხელისუფლებას გამოხატული აქვს თანამშრომლობის მზადყოფნა მასთან, ვისაც სურს, ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე პროცესში ჩაერთოს
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის, რადგან წლების განმავლობაში, ხელისუფლებას გამოხატული აქვს თანამშრომლობის მზადყოფნა მასთან, ვისაც სურს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე სახის პროცესში ჩაერთოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „მოგიწოდებთ, იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაწყვიტოთ პოლიტიკური უთანხმოება, შეამციროთ პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები“.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორები როდესაც საკითხს სვამენ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე, ხელისუფლებას თავისი არსებითი სათქმელი აქვს გაკეთებულ საქმეებზე.
„შემიძლია, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაგათვალიერებინოთ. საპარლამენტო დარბაზი და პოლიტიკური სივრცე ოპოზიციის მუშაობისთვის მზად არის, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი ამ პროცესებში ჩართული არ არის. როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ასეთ განცხადებას აკეთებს, ის მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის, რადგან წლების განმავლობაში, ხელისუფლებას გამოხატული აქვს მზადყოფნა თანამშრომლობის მასთან, ვისაც სურს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო რაიმე სახის პროცესში ჩაერთოს.
„ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული გადაწყვეტილებები მიიღო. მიიღო „საარჩევნო კოდექსი“ და შეცვალა პარტიული დაფინანსების წესი, მოხდა მედიაზე წვდომის უზრუნველყოფა. ამ პირობებში, როცა ჩვენი პარტნიორები საკითხს სვამენ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე, ხელისუფლებას თავისი არსებითი სათქმელი აქვს გაკეთებულ საქმეებზე. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ოპოზიციის რადიკალურ ბანაკს ეს სათქმელი არ აქვთ და ყურადღების გადატანას უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ცდილობენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.