არჩილ თალაკვაძე - სპეკულაციები, რაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისგან გვესმის, უსაფუძვლოა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხი დროულად და სამართლიანად გადაწყდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკონმდებლო ორგანო მიმდინარე მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებს.
„პარლამენტი, რა თქმა უნდა, ყურადღებით ადევნებს თვალს ამ საქმეს, ვინაიდან საჯარო ინტერესი მაღალია. ჩვენ ველით უფრო მეტ ინფორმაციას კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, ეს საკითხი სამართლიანად და დროულად გადაწყდება. რაც შეეხება, ანაკლიის პორტს და ზოგადად ბიზნესისადმი მხარდაჭერას, თავად ბანკის დამფუძნებლებმა ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათ აქვთ რეალური და დიდი მხარდაჭერა. იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ და მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მხარდაჭერა არის რეალურად ძლიერი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისი შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს.
„ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ექნება მცდელობა, ამ საქმის პოლიტიზება მოახდინოს. იქნება სპეკულაციებიც მათი მხრიდან. სპეკულაციები, რაც ოპოზიციისგან გვესმის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მეტწილად უსაფუძვლოა, ვინაიდან ამ პროექტთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ცალსახა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მთავარი მონაპოვარი და ღირებულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების დაცვა და სამართლიანი მიდგომები, რამე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, შესაბამისად, ყველამ, ვისაც აღნიშნულ საქმეზე მუშაობა ეხება, ყურადღებით და კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით უნდა იმოქმედოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.
როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხარაძემ განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არანაირი შეფერხება არ არის, თუმცა აშფოთებს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას.