არჩილ თალაკვაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა პოზიტიური გადაწყვეტილებაა და პასუხობს ბავშვების უფლებათა კოდექსის მიზნებს
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა და პასუხობს ბავშვების უფლებათა კოდექსის მიზნებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია და პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნებს პასუხობს: ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ, დაფინანსება კიდევ 100 პროცენტით გაიზარდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებენ.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პანდემიის კონტექსტშიც, როდესაც გასული წლის განმავლობაში არაერთი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა – ამ ოჯახებისთვის მთავარი საზრუნავი უპირველესად ბავშვების კეთილდღეობა იყო. სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც, მოიქცა როგორც ოჯახი. ნებისმიერ ევროპულ ოჯახში სოლიდარობა ბავშვებისა და ხანდაზმულების მიმართ ყველაზე მაღალია.
ამასობაში, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ლარის სტაბილიზაცია ქვეყანას განვითარების მთავარ გზაზე აბრუნებს“, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან ორჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.