არჩილ თალაკვაძე - სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ
მთავარი ოპოზიციური ძალა ვინ იქნება, ამას საზოგადოება 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვეტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, ვინ არის მთავარი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში.
„საზოგადოებამ დაინახა, რომ ძალა, რომელიც ამბობდა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ერთი წლის განმავლობაში იყო რეალურად გასული მომსახურების ზონიდან – არ ესწრებოდა სხდომებს, არ მონაწილეობდა ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების განხილვებსა და პოლიტიკურ დებატებში. მან საზოგადოებას დაპირება მისცა, რომელიც არ შეასრულა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მთავარი ოპოზიციური ძალა ისეთი პარტია იყოს, რომელიც დილით საზოგადოებას ეუბნება, რომ მხარს უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს და საღამოს ეუბნება, ხმას ვერ აძლევს, მაგრამ მხარს ისევ უჭერს. ეს არის რეალურად გაკოტრებული პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „სივრცეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ“.
„სულ მცირე, მომავლის პოლიტიკაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ისეთ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს პარლამენტში. ვინც საზოგადოება მოატყუა და მხარი არ დაუჭირა დემოკრატიულ ცვლილებებს, რის გამოც ხელისუფლებას თვეების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, ეს ხალხი წარსულსა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა. პოლიტიკური სივრცე გახსნილია, ამისთვის დემოკრატიული ცვლილებები განვახორციელეთ. ჯანსაღ ოპონირებაზე ორიენტირებულ ძალებს მივესალმებით, რომელთა ინტერესი პირველ რიგში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები, დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა. როგორც ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხაზის მიღმაა. ამიტომ, მათ სერიოზული თავის მართლება მოუწევთ წინასაარჩევნო პერიოდში. საზოგადოებას უნდა აუხსნან – როგორ ხდებოდა, როცა დილით ამბობდნენ ერთს და საღამოს მეორეს აკეთებდნენ. ასევე როგორ ხდებოდა, როცა ერთი წლის განმავლობაში სხდომებს აცდენდნენ და პანდემიის, კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტს სხდომების არჩატარების გამო აკრიტიკებდნენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.