არჩილ თალაკვაძე - „სირცხვილია“ ისე დააბულინგეს, გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ ადგილს მივუჩენთ ყველა რადიკალს, რომელიც თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს
ორგანიზაცია „სირცხვილია“ ისე დააბულინგეს, გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, საკუთარ რიგებში მყოფ ორგანიზაციას დაუპირისპირდნენ. არ შეიძლება, ამ ძალებს ხელისუფლება ჩააბარონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „„სირცხვილიას“ ბულინგი მაგალითია, როგორ უსწორდება რადიკალური ოპოზიცია ნებისმიერს, ვინც გაბედავს და მათ წინააღმდეგ წავა“.
„ეს იყო ბულინგი და საინფორმაციო ზეწოლა. 24 საათიც არ დასჭირდა იმას, რომ ორგანიზაცია ისე დააბულინგეს, გადაწყვეტილება შეაცვლევინეს. საკუთარ რიგებში მყოფ ორგანიზაციას დაუპირისპირდნენ, რომელიც მათ დღის წესრიგში არ ჩაჯდა. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: არ შეიძლება, ამ ძალებს ხელისუფლება ჩააბარონ. მათი ერთადერთი მიზანია, თავიანთი რადიკალური დღის წესრიგი გაატარონ. „სირცხვილია“ თვეების განმავლობაში აქციების ფლაგმანი იყო. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა რადიკალების ხასიათი, რომ მზად არიან, საკუთარი ინტერესების გამო ყველას დაუპირისპირდნენ.
„სირცხვილიას“ ბულინგი იმის მაგალითია, რადიკალური ოპოზიცია თავისი ვითომ „ენჯეოებით“ და მედიით როგორ უსწორდება ნებისმიერს, ვინც გაბედავს და მათ წინააღმდეგ წავა. ამ რადიკალური ძალებისგან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა შევძელით. ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საკუთარ ადგილს მივუჩენთ ყველა რადიკალს, რომელიც თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს ზეწოლით. თან დემოკრატიას ამოფარებული არიან და თავიანთი დღის წესრიგის გატარებას ცდილობენ. საქართველოში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 30 აგვისტოს გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება. 31 აგვისტოს კი მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს და მუშაობას ახალი ხელმძღვანელით განაგრძობს.