არჩილ თალაკვაძე - სიმაღლეზე ასვლის დროს გაჩერება შეიძლება, მაგრამ ვარდნის დროს შეუძლებელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ვარდნის პროცესშია და სრული დაშლისკენ მიემართება
ისტორიული ჭეშმარიტებაა – სიმაღლეზე ასვლის დროს შეიძლება გაჩერება, მაგრამ ვარდნის დროს გაჩერება შეუძლებელია. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არის ვარდნის პროცესში, ისინი არიან რეალობას დაცილებული და პარტია მიემართება თავისი ლოგიკური დასასრულისკენ – ეს არის სრული დაშლა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმკის იმას, რაც დათესა.
„პარტიას, რომელსაც ბიოფრაფიაში აქვს მხოლოდ დესტრუქცია, ქვეყნის ინსტიტუტების დაბლოკვის მცდელობები, დესტაბილიზაცია, საქართველოს ევროპული მომავლის გაუქმების მცდელობა და საკუთარი ქვეყნის გაშავებაში ფულის გადახდა, როგორ შეიძლება, რაღაც პოზიტიურ სცენარში შევიდეს, როგორ შეიძლება, რომ ამ პარტიამ შემოაბრუნოს თავისი ბედი და დაიკავოს ის ადგილი, რომელსაც თუნდაც მისი შემორჩენილი მხარდაჭერები ელოდებიან. ამიტომ რაც დათესეს, იმას იმკიან. ეს ყველაფერი არის ლოგიკური და ეს არის შესაძლებლობა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ გაიაზრონ დროულად, გამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შანტაჟიდან, იმ გავლენიდან, რაშიც, სამწუხაროდ, დღემდე რჩებოდნენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.