არჩილ თალაკვაძე - შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმა ძალიან პოზიტიური ნაბიჯია და ამ რეფორმებში სამინისტროს მხარს ვუჭერთ
შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო სისტემის რეფორმა წაადგება საზოგადოებას, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს და საქართველოს კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის დაწყება აუცილებელი იყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების მხრივ რეფორმების დაწყება იყო აუცილებელი. მივესალმებით, რომ მინისტრმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მხარს ვუჭერთ ამ რეფორმებში სამინისტროს. საგამოძიებო სისტემას რომ რეფორმა სჭირდება, ეს გამოაჩინა ბოლოს იმ გახმაურებულმა საქმემაც, რომელზეც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო კომისიის დასრულების შემდეგ, ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შსს საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს. აღნიშნულ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით კონფერენცია გამართა, რომელიც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.