არჩილ თალაკვაძე - შს მინისტრის საქმე ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაა, შესაბამისად, გიორგი გახარია თავის მოვალეობას ასრულებს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ორ საჯარო ღონისძიებას ესწრებოდა, შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ის საჯარო ღონისძიებებს არ ესწრებოდა, კორექტული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა კითხვაზე, რატომ არ ჩანს გიორგი გახარია.
ამასთან, თალაკვაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობაა მართლწესრიგის დაცვა და გიორგი გახარია ასრულებს საკუთარ მოვალეობას.
„შებრძანდით შინაგან საქმეთა სამინიტროს ვებგვერდზე და ნახეთ, ის ესწრებოდა სულ მცირე, ორ საჯარო ღონისძიებას – ეს ერთი, მეორე – შს მინისტრის ამოცანა, მისი მოვალეობა და მისი პასუხისმგებლობა უფრო მეტად არის, საჯარო ღონისძიებები, მოქალაქეთა უსაფრთხოება და მართლწესრიგი იყოს დაცული ქვეყანაში, ვიდრე ის, რასაც თქვენ ბრძანებთ. შესაბამისად, პირველ რიგში, გიორგი გახარია ასრულებს თავის მოვალეობას და იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველას თავისი საქმე აქვს.
„ერთი მინისტრის საქმე არის ინფრასტრუქტურა, მეორე მინისტრის საქმე არის თავდაცვის სისტემის მოდერნიზება და განვითარება, შს მინისტრის საქმე არის ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. შესაბამისად, თუ ამ მიმართულებით გაქვთ კონკრეტული კითხვები, სჯობს ამ კითხვებზე ვისაუბროთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ, რომელსაც გახარიას შესახებ კითხვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსთვიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე დაუსვეს.