არჩილ თალაკვაძე - შევიმუშავებთ ისეთ წესებს, რომლებიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, მაგრამ საარჩევნო კამპანია ბევრად დაცული იქნება ვირუსის გადადების თვალსაზრისით
ჩვენ შევიმუშავებთ მაქსიმალურად წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახდენს გარკვეულწილად გავლენას საარჩევნო პროცესზე, ამიტომ ხელისუფლება, მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, სავალდებულო და რეკომენდებული.
„ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისათვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ შევიმუშავებთ მაქსიმალურად წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს კამპანიასა და არჩევნების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.