არჩილ თალაკვაძე - შეთანხმება შესაძლებელი გახდა, რადგან საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს
რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ მოხდებოდა. შეთანხმება გახდა შესაძლებელი, რადგან საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელსაც დემოკრატიული განვითრების ახალ ეტაპზე გადასვლა შეუძლია.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმებით პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ მოიგო.
„აქ არავის ერთმანეთისთვის არც არაფერი უჩუქებია, არც დაუთმია. ნურაფერს მივიწერთ ჩვენს თავზე. ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის საზოგადოებას, ხალხს და ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რაიმე დათმეს, ვფიქრობ, დათმეს მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყო კონსულტაციებში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი.
„ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ჩართული იყო კონსულტაციებში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური ლიდერი ჩვენი პარტიის მხრიდან. მაგრამ, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან გუნდის მხრიდან გვქონდა სრული ნდობა და ავტორიზაცია. ის გადაწყვეტილება, რაც აისახა შეთანხმებაში და ხელმოწერილია ყველას მხრიდან, ჩვენ გუნდის სახელით მივიღეთ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით, პრაქტიკულად „შუა ხაზზე“ შედგა, ნიშნავს, რომ ყველა ძალამ გადადგა საამისოდ ნაბიჯი.
„რეალურად შეთანხმება და გადაწყვეტილება შედგა სადღაც შუა ხაზზე. ოპოზიცია ითხოვდა სრულად პროპორციულს. შემდგომ ითხოვდა 130/20-ზე განაწილებას. ხელისუფლება ამბობდა 100/50-ზე განაწილებას და შემდეგ შეთანხმება იყო მიღწეული 120/30-ზე. ეს განაწილება არ არის ის, რასაც ითხოვდა ოპოზიცია და არ არის ის, რასაც სთავაზობდა ხელისუფლება. მოხდა შეთანხმება და რადგან ეს შეთანხმება შუა ხაზზე მოხდა, ნიშნავს, რომ ყველამ გადავდგით ნაბიჯი და ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.