არჩილ თალაკვაძე - შერიგება თუ შესაძლებელია, ის სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, საზოგადოებას შერიგებას რა პირით ეუბნებიან
„ნაციონალური მოძრაობა“ შერიგებას იქ ეძებს, სადაც სინამდვილეში არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური შეთანხმებისა და სტაბილურობის მთავარი საფუძველია, რომ „ნაციონალური მოძრაობამ“ არჩევნების შედეგებს პატივი სცენ და საპარლამენტო პროცესებში ჩაერთონ.
როგორც თალაკვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შერიგება პირველ რიგში, სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს.
„პოლიტიკური შეთანხმებისა და სტაბილურობის მთავარი საფუძველია, რომ მათ პატივი სცენ საზოგადოების არჩევანს და არჩევნების შედეგებს, ჩაერთონ საპარლამენტო პროცესებში და შეასრულონ ოპოზიციის როლი, რაც არჩევნებით უკვე მერამდენედ დაეკისრათ. მათი მხრიდან საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვხედავთ, არიან დესტრუქციის რეჟიმში, დაკავებული არიან რეალობის გადაკეთებით და ისეთი მანიპულაციებით, რაც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი და დამაზიანებელია. მათი განცხადებები და რეალური მოქმედებები დიამეტრალურად ერთმანეთს აცილებულია. მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობენ, მართლმსაჯულებას ყველანაირი მეთოდებით, მათ შორის ხალხში რაღაც სენტიმენტებით და თანაგრძნობის გამოწვევით თავი დააღწიონ. თუ შერიგებაა შესაძლებელი, ეს პირველ რიგში, სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს და იმას, რომ ვინც დააშავა, ადამიანები დაჩაგრა და დაამცირა, პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. როგორ წარმოგიდგენიათ, მიხეილ სააკაშვილის შერიგება იმ ადამიანთან, ვისი ოჯახის წევრებიც მოკლეს, წამებას დაექვემდებარნენ, განსხვავებული აზრის გამო სდევნიდნენ და ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული? საზოგადოებას შერიგებას რა პირით ეუბნებიან? – ამ აქტში მთავარი ფარისევლობა ეს არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებული განცხადებაც, სადაც ის ამბობს: „პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.
„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ დიალოგს, ყოველთვის გვქონდა დიალოგი მათთან, ვინც ქვეყნის ინტერესებზეა ორიენტირებული და შეუძლია, თავისი შენატანი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე. დიალოგის პრობლემა არც მომავალში გვექნება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.