არჩილ თალაკვაძე - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე განვიხილავთ და მივიღებთ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის მივიღეთ ეს კანონი, მივიღეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და დაცული, არავის მიეცეს საშუალება, არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციითა და არეულობით ჩვენს ქვეყანაში რაიმეს მიღწევა სცადოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, არავის არასდროს ჰქონია ამ წლების განმავლობაში აქციის ჩატარების პრობლემა.
„არავის ჰქონია პრობლემა საკუთარი პროტესტის გამოხატვაზე, მაგრამ ჯგუფებს, რომლებსაც უნდათ, საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადაზარდონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას. ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს. რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია, არაა საფუძველი იმისთვის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე, ამიტომ განვიხილავთ და მივიღებთ უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო 19 ოქტომბერს დაადო.