არჩილ თალაკვაძე - შარშან, ოქტომბერში რუსეთმა თავხედური კიბერშეტევა მიიტანა საქართველოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას
შარშან ოქტომბერში, რუსეთმა თავხედური კიბერშეტევა მიიტანა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას ისახავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის წერილშია აღნიშნული.
წერილს გამოცემა Morning Consult-ი აქვეყნებს სათაურით – „საქართველოზე რუსული კიბერთავდასხმის შემდეგ კონგრესმა უნდა იმოქმედოს, რათა მხარი დაუჭიროს მნიშვნელოვან პარტნიორს“.
„აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით, საქართველომ სულ ცოტა ხნის ხნის გამოაქვეყნა დასკვნა, რომ ამ შეტევის უკან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო, იგივე – გრუ იდგა. ეს უწყება ასევე პასუხისმგებელია 2015-2017 წლებში უკრაინაზე მიტანილ მასშტაბური ზიანის მიმტან კიბერშეტევაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ ხსენებული თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ „ეს რუსეთის გრუ-ს კიბეროპერაციების უწყვეტ ხასიათზე მიუთითებს“.
ჩემს ქვეყანაზე რუსეთის მიერ მიტანილი კიბერშეტევის დროს მიზანში ამოიღეს ონლაინ მომსახურების პროვაიდერები და ის მიზნად ისახავდა სახელისუფლებო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებებისა და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხებას. ეს შეტევა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობი სქემის გაგრძელებას.
ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას. ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა რუსეთისთვის არადამახასიათებელი კომენტარი გააკეთა – რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. თუკი მისი განცხადება ლიტონი სიტყვები არაა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანოს თავისი ჯარი ჩვენი რეგიონებიდან, შეწყვიტოს კიბერშეტევები და საქართველოს პროგრესისთვის ძირის გამოთხრა“, – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის წერილში.