არჩილ თალაკვაძე - შარლ მიშელის დოკუმენტით, სასამართლოს რეფორმის ვადა არის შემდეგი ერთი წელი, ოპონენტები გვეუბნებიან, რომ სისტემაში ყოველგვარი პროცესი ერთი წლით შეჩერდეს
შარლ მიშელის დოკუმენტით, სასამართლოს რეფორმის ვადა არის შემდეგი ერთი წელი, ოპონენტები გვეუბნებიან, რომ სისტემაში ყოველგვარი პროცესი ერთი წლით შეჩერდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებებე, რომ რეფორმის განხორციელებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს.
„საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განვითარებაზე და ამ თვალსაზრისით რეფორმების გატარებაზე. ბუნებრივია, დამოუკიდებლობის განმტკიცება არ უნდა დაიწყოს სასამართლოს თავისუფლების შეზღუდვით. როცა შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილია სასამართლოს რეფორმის ვადა და ეს არის შემდეგი ერთი წელი, ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ სასამართლოში ყოველგვარი პროცესი უნდა შეჩერდეს ერთი წლით, ანუ, არ მოხდეს მმართველი ორგანოების დაკომპლექტება, მოსამართლეების განმწესება. რას ვეუბნებით, საზოგადოებას? სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას ვიწყებთ მისი უფლებებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვით. ანუ, სასამართლოს ვეუბნებით, რომ თქვენ უფლება არ გაქვთ, წარადგინოთ მოსამართლეები, დააკომპლექტოთ საბჭო და კიდევ ერთი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში არანაირი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება?
ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციით და შეთანხმებით, სადაც ვადებია გაწერილი. მომავალი წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ყველა რეფორმა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღო, განხორციელებული იქნება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, სასამართლო სისტემაში არსებული პროგრესი შევაფასოთ – როგორი იყო სასამართლო, როცა ხელისუფლება ჩვენ ჩავიბარეთ და როგორია დღეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.