არჩილ თალაკვაძე - არც გიორგი კვირიკაშვილს და არც სხვა ადამიანებს, არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კითხვებს არ გასცენ პასუხი
საზოგადოებაში არის კითხვები, რომელსაც უნდა უპასუხოს ყველამ, ვისაც ეს ეხება და შესაბამისად, არც გიორგი კვირიკაშვილს და არც სხვა ადამიანებს, არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კითხვებს არ გასცენ პასუხი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საჭიროა პარლამენტისა და მთავრობის უფრო მეტი კომუნიკაცია.
„პარლამენტის თავმჯდომარეს, მეც და სხვა ლიდერებსაც ეს პოზიცია დაგვიფიქსირებია. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მთავარი საკითხი ნამდვილად იყო ამ პროცესში ის, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს. ეს არის სოციალური მდგომარეობა, სიღარიბე, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანის ოჯახში. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მზარდი ეკონომიკა, არამედ მზარდი ეკონომიკა თითოეულ ოჯახში. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რასთან დაკავშირებითაც კითხვები გუნდში იყო. გვჭირდება ანგარიშვალდებულების უფრო მეტად დემონსტრირება საქართველოს პარლამენტში. მთავრობას, პრემიერ-მინისტრს ჩვენ ველოდით უფრო ხშირად პარლამენტში. მინისტრები უფრო ხშირად იყვნენ საკომიტეტო მოსმენებზე. გახსოვთ, შს მინისტრი, რომელიც პლენარულ სხდომაზე წარდგა ანგარიშით, ზუსტად ეს გვჭირდება ჩვენ პარლამენტში. მამუკა ბახტაძისგან და მისი კაბინეტისგან ეს დაპირება გვაქვს. ცოტა სასაცილოა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამას უწოდებს პოლიტიკურ დევნას. საზოგადოებაში არის კითხვები, რომელსაც უნდა უპასუხოს ყველამ, ვისაც ეს ეხება და შესაბამისად, არც გიორგი კვირიკაშვილსა და არც სხვა ადამიანებს არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ კითხვებს არ გასცენ პასუხი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მთავრობა არა სამ საათს, არამედ ბევრად მეტ დროს უნდა უთმობდეს სიღარიბესთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.
„მახსოვს თქვენი რეაქცია და ოპონენტების ირონიული ღიმილი, როდესაც ვთქვით, რომ სიღარიბესთან დაკავშირებული მონაცემები ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რაზეც განხილვა გვქონდა. გიორგი კვირიკაშვილმა თავად განაცხადა, რომ მას ჰქონდა გუნდში იდეური უთანხმოება მემარჯვენე პოლიტიკური მიმართულებების გამო. სავალუტო ფონდის ანგარიშთან დაკავშირებით იყო გუნდში განხილვა. თუ რატომ არ იყო ეს ანგარიში გასაჯაროებული”, – განაცხადა თალაკვაძემ.