არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას ვპირდებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში ძალიან დემოკრატიული და ღია იქნება
საზოგადოებას ვპირდებით, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი პარლამენტში ძალიან დემოკრატიული და ღია იქნება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესის დასრულების თემაზე საუბრისას.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში თითოეულ კანდიდატზე ინდივიდუალური განხილვა და კენჭისყრები წარიმართება.
„ფაქტობრივად, კანონმდებლობის გარეშე ხდებოდა კანდიდატების წარდგენა და დამტკიცება. ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელმაც იმუშავა რეალობაში. ფაქტია, რომ 200-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო ამ შერჩევაში მონაწილეობა. აქედან შეირჩა 50 საუკეთესო, რომელშიც სხვათა შორის 10-ზე მეტი, თითქმის 20 იყო იმ კანდიდატები რაოდენობა, ვისაც არამოსამართლე წევრებმაც დაუჭირეს მხარი და რომელშიც იყვნენ არამხოლოდ მოსამართლე კანდიდატები, არამედ იყვნენ იურისტები, საადვოკატო სფეროდან, იყვნენ აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, იყვნენ ის ადამიანებიც, ვისაც სასამართლო სისტემასთან აქამდე არ ჰქონიათ შეხება.
შესაბამისად, ეს 40 ადამიანისგან შემდგარი სია არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, საკმაოდ დაბალანსებული და ჩვენ ახლა პარლამენტში ველოდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან წარმოდგენას იმ კანდიდატურების, რომელიც შემდეგ პარლამენტში უნდა იყოს განხილული. საზოგადოებას ვპირდებით, რომ იქნება ძალიან დემოკრატიული, ღია პროცესი პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტზე, სადაც თითოეულ კანდიდატურას სათითაოდ განვიხილავთ და შემდგომში უკვე კენჭისყრაც შედგება ინდივიდუალურად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.