არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურად ვეცდები, ოპოზიციური ძალები, რომლებიც რჩებიან კონსტიტუციის ფარგლებში, ჩავრთოთ პროცესში
საზოგადოებასა და ჩემს კოლეგებს ვაძლევ პირობას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე პირუთვნელად, მაქსიმალური ძალისხმევითა და გონივრული გადაწყვეტილებებით ვაპირებ საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, პატივია, პარლამენტის საქმიანობას გაუძღვეს.
მისივე განცხადებით, პარლამენტი საზოგადოებას შესთავაზებს მაქსიმალურად საქმიან, მშვიდ გარემოსა და პოლიტიკას.
„პარლამენტი არის საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში კანონების შემუშავებასა და ზედამხედველობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. ორივე მიმართულებით, ისევე როგორც სხვა ამოცანებზე, პარლამენტი საზოგადოებას შესთავაზებს მაქსიმალურად საქმიან, მშვიდ გარემოსა და პოლიტიკას. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი და რჩებიან კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემის ფარგლებში, ჩავრთოთ პროცესში და ამ ჩართულობით მივიღოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. არჩილ თალაკვაძის თანამდებობაზე არჩევას მხარი დაუჭირა 94-მა დეპუტატმა. თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელმაც აღნიშნული პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.