არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად, ეს ემსახურება აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას, არავითარი საფრთხე მედიას არ ემუქრება
მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ტელევიზიაში შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე.
„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე არც ერთ მედიას, მით უმეტეს ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება. ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია, რაც ახლა წამოიწყეს, ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე არ ემუქრება არც ერთ მედიას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ სიცრუეს და დეზინფორმაციას, რაც ახლა მიმდინარეობს და ეს არის მათ მიერ მოფიქრებული გეგმა, მას შემდეგ, რაც აღიკვეთა მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარის განვითარება, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნიკა გვარამიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სახელისუფლო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.