არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ მიხელ სააკაშვილსა და მის პარტიას დასავლეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ
მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ მიხელ სააკაშვილსა და მის პარტიას დასავლეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.
„თუ ჩვენს საზოგადოებაში ვინმეს კიდევ რჩებოდა განცდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია რამენაირად მაინც იზიარებს იგივე ღირებულებებს და კავშირშია დასავლეთთან, ამას კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაესვა წერტილი აღნიშნული განცხადების შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად, ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის მიერ გაკეთებული შეფასება კატეგორიულად მიუღებელია.
„სააკაშვილმა განაცხადა, თითქოს რუსეთის ფედერაციასა და დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში კოლონიალისტური მიზნები აქვთ. ეს კატეგორიულად მიუღებელი შეფასებაა, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. უპირველეს ყოვლისა, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას დასავლეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.