არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოწოდება, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს, როგორც საზოგადოებამ დაინახა, ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც საერთო ჯამში სამწუხაროა. თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, საზოგადოების დაკვეთა და საერთო ფართო კონსენსუსი, ალბათ კითხვა ჩნდება, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
136 ხმით პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 142-მა დეპუტატმა გაიარა. დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.