არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გაერთიანებულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს უკანონო ტყვეობიდან
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გაერთიანებულია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს უკანონო ტყვეობიდან

საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გაერთიანებულია დღეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი ამ უკანონო ტყვეობიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„როგორც ხედავთ, საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს, რადგან გაუგონარია მართლაც, ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, დააპატიმრო. რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო პატიმრობა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ყველა ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც აქ არის გაერთიანებული დღეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი ამ უკანონო ტყვეობიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჩანაწერების გავრცელებასაც გამოეხმაურა.

„ეს საკითხი თავისთავად არის შესწავლის საგანი. თუ იყო კონტაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მობილურ ტელეფონებზე, სავარაუდოდ, ტექნიკურად აქ მოსმენის საშუალება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკანონოა, ექნებოდა საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციას, ვინც ამ ოკუპაციაზე არის პასუხისმგებელი. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი არის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. როდესაც ის გათავისუფლდება, შემდეგ უკვე გარემოებებზე დეტალურად იქნება შეფასებები გაკეთებული, ვინაიდან უპირველესად ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ინფორმაცია, რომელსაც ის თავად მოგვაწვდის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.