არჩილ თალაკვაძე - საზოგადოება შეთანხმებულია, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას ვერ გაუმკლავდა
საზოგადოება შეთანხმებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას ვერ გაუმკლავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„არ მგონია, რომ პრეზიდენტის განცხადებები, ჩემგან დამატებით განმარტებებს ითხოვდეს. ომთან დაკავშირებით ჩვენი, სახელისუფლებო გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იცით. აგრესორი არის რუსეთი. რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონოდ იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოხდეს დეოკუპაცია, დასრულდეს ეს უკანონო ოკუპაცია და აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც აგვისტოს ომში იცავდა საქართველოს, არის პირნათელი სახელმწიფოსა და თავისი ხალხის წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, აზიანებს თუ არა მსგავსი განცხადებები ქვეყნის ინტერესებს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ საკუთარი შეფასება 2012 წელს დააფიქსირა.
„როგორ ვერ გაუმკლავდა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება პროვოკაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო, ამაზე საზოგადოება შეთანხმებულია. 2012 წელს საზოგადოებამ ამასთან დაკავშირებით თავისი შეფასება გააკეთა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს იყო ტერიტორიის დაბომბვა და ეს არ არის საქართველოს დადანაშაულება“.