არჩილ თალაკვაძე - საზოგადოება პროგრესზეც, გამოწვევებზეც პასუხისმგებლობას გვაკისრებს მთელ ხელისუფლებას, ამიტომ „ქართული ოცნება“ იყო და იქნება ყველაზე ეფექტური კონფიგურაციების ძიებაში
არჩილ თალაკვაძე - საზოგადოება პროგრესზეც, გამოწვევებზეც პასუხისმგებლობას გვაკისრებს მთელ ხელისუფლებას, ამიტომ „ქართული ოცნება“ იყო და იქნება ყველაზე ეფექტური კონფიგურაციების ძიებაში

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრი ინაცვლებს პრემიერის პოზიციაზე.

არჩილ თალაკვაძემ უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა შედეგზეა ორიენტირებული და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის ის, რაც, ფაქტობრივად, პირველად ხდება, როცა საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრი ინაცვლებს პრემიერის პოზიციაზე, პრემიერი კი რჩება პოლიტიკაში და პარტიულ თანამდებობაზე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრემიერს და მთავრობას სრულად აქვთ გააზრებული პარლამენტის როლი, საკუთარი პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. დამატებითი უპირატესობაა ის, რომ მთავრობას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც თავად იყო საკონსტიტუციო რეფორმის ლიდერი, ინიციატორი და, რომელმაც, პრაქტიკულად, უზრუნველყო ის, რომ საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, სადაც არის უფრო მეტი ინტერაქცია პოლიტიკურ ძალებს შორის, უფრო მეტი ჩართულობით მიიღება გადაწყვეტილებები და ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ პრემიერი და მინისტრები უფრო ხშირად არიან პარლამენტში, უფრო აქტიურად მუშაობენ კომიტეტებთან და უფრო აქტიურად ერთვებიან დებატში. ამ მიმართულებით ირაკლი კობახიძეს აქვს დიდი გამოცდილება და უდავოდ საინტერესო იქნება მისი პარლამენტთან მუშაობა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ქვეყანაში დააბრუნა ევროპული პოლიტიკა, სადაც მართლა აქვს მნიშვნელობა მედიას, პოლიტიკურ დებატებს და პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთქმედებას.

„მარტო რიცხვები რომ ვნახოთ, რამდენჯერ იყვნენ მოსული პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მინისტრები, რამდენჯერ გაიმართა მოსმენა, პოლიტიკური დებატები და მათ პარლამენტარებმა დავუსვით კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დემოკრატია მართლაც დაბრუნდა საქართველოში. წინა ხელისუფლების დროს ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ვინმე როდისმე გაბედავდა და მცირე დისკომფორტს მაინც შეუქმნიდა მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც პარლამენტში მოვიდოდა, ისიც ძალიან იშვიათად. მხოლოდ ბოლო ორი-სამი წლის სტატისტიკა რომ ავიღოთ, პრემიერი და მინისტრები იმდენჯერ იყვნენ მოსული პარლამენტში სხვადასხვა ფორმატში და იმდენჯერ გაიმართა დებატები, რომ, ჯამურად, ეს რიცხვი აღემატება წინა 20 წლის მონაცემებს. ეს მიუთითებს, რომ პარლამენტი ამუშავდა და დაიკავა თავისი ბუნებრივი ადგილი დემოკრატიულ სისტემაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო სივრციდან პოლიტიკოსების მთავრობაში გადასვლა ევროპულ პოლიტიკაში ბუნებრივი, ორგანული მოვლენაა, ამაში სენსაციური არაფერია და ამას თავისი უპირატესობები აქვს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად უნდა ელოდოს საზოგადოება არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტში ეტაპობრივ ცვლილებებს, რადგან მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გარკვეული სპეკულაციები ისმოდა, თუმცა ირაკლი კობახიძემ შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდი უწოდა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამ ფორმით გადასვლა ახალ კაბინეტზე თავისთავად მიუთითებს, თუ რა კულტურა არსებობს გუნდში და როგორია დამოკიდებულება გუნდის წევრებს შორის.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ, ერთი მხრივ, სახელისუფლო შტოები არის გამიჯნული, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოება პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ პროგრესზეც, გამოწვევებზეც და პრობლემებზეც, გვაკისრებს ჩვენ, მთლიანად, მთელ ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ყველაზე ეფექტური კონფიგურაციების ძიებაში. იცვლება გარემო, იცვლება გამოწვევები და, ბუნებრივია, ყველა ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური გუნდი ამას პასუხობს ცვლილებებით; პასუხობს იმით, რომ საკუთარი გუნდის შესაძლებლობები მოარგოს იმ ამოცანებს, რომლებიც დღის წესრიგში დგას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის საარჩევნო წელი და „ქართულ ოცნებას“ სურს არჩევნებში არა მხოლოდ უბრალო უმრავლესობით გამარჯვება, არამედ სურს დამაჯერებელი, ძლიერი მანდატის მიღება.

„ეს არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც გვინდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო სტაბილური მართვა უზრუნველვყოთ და, უკვე არსებულ პროგრესზე დაფუძნებით, მოვიტანოთ ახალი პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.