არჩილ თალაკვაძე - საზოგადოება, მთავრობა, ექიმები, ყველა ვმუშაობთ ერთად, რათა ვირუსის გავრცელება შევაკავოთ
კორონავირუსის შემთხვევების ანულირება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ რასაც საქართველო ეფექტურად ახერხებს, ეს არის ის, როდესაც სხვა ქვეყნებშიც სიტუაცია მიდის გავრცელების პიკისკენ, საქართველო ახერხებს, რომ ამ პიკს თავი აარიდოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე ვირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა უწყებას მადლობას უხდის. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა რომი-თბილისის სპეცრეისის შესრულებასაც, რომელმაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოიყვანა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც „საქართველოს ავიახაზებმა“ გააკეთა.
„ამ მომენტისთვის ჩვენი ქვეყანა, ჯანდაცვის და სხვა სამსახურები ეფექტურად უმკლავდებიან ამ გამოწვევას და ახერხებენ ვირუსის გავრცელების შეკავებას. ევროპაში საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ყველაზე სწრაფად და ყველაზე სწორი ნაბიჯები გადადგა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ინფექციური პათოლოგიების ცენტრს, მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს და ეპიდემიოლოგებს, ვინც ამ საკითხზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ასევე, სხვა სამსახურებსაც – საზღვარს, საბაჟოს, სასწრაფო დახმარების ცენტრებს და საპატრულო პოლიციას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ავიაკომპანიამ, „საქართველოს ავიახაზებმა“ და ეს არ ხდება პირველად, როდესაც საქართველოს ავიახაზები გამოყოფს თვითმფრინავებს და ასრულებს ძალიან საკვანძო ფუნქციას საქართველოს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვის ამ კომპანიას, მთლიანად ხელმძღვანელობას, და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ რეისების განხორციელებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველი მოქალაქეები, რომლებსაც კარანტინი დასჭირდათ, აბასთუმანის ფილტვის ცენტრსა და საჩხერეში მდებარე სასტუმროში განთავსდნენ, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აღდგენილია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, მთავრობა, მედია ყველა ვმუშაობთ ერთად იმისთვის, რომ ვირუსის წინააღმდეგ ზომები იყოს მიღებული. ამ შემთხვევების ანულირება დღეს არის შეუძლებელი, მაგრამ რასაც საქართველო ეფექტურად ახერხებს, არის ის, როდესაც ევროპულ ქვეყნებში და სხვა ქვეყნებშიც სიტუაცია მიდის გავრცელების პიკისკენ, საქართველო ახერხებს, რომ ამ პიკს თავი აარიდოს. როდესაც გადაივლის გავრცელების პიკი, თუ საქართველომ შეძლო, რომ დარჩეს დაბალი გავრცელების არეალში, ჩათვალეთ, რომ საქმე არის ძალიან მაღალ დონეზე გაკეთებული ჩვენი სახელმწიფოს და ყველა ჩვენგანის მიერ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.