არჩილ თალაკვაძე - საუბარი როდესაც არის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი და ყველა უნდა გავერთიანდეთ
საუბარი როდესაც არის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთო მიზანი და ყველა უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია სამშობლოს პირობებს უყენებს, რაც ბევრჯერ გამოჩნდა.
„ოპოზიცია რომ თავის ქვეყანას, სამშობლოს პირობებს უყენებს, ეს ბევრჯერ გამოჩნდა. საკანონმდებლო ორგანოში მათ მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის სტატუსის მიცემას, როდესაც დაიწყო საკითხი, უპირობოდ თვლიან თუ არა, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან. ამიტომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი თავიანთ ქვეყანას უყენებენ პირობებს, ულტიმატუმებს, ზოგჯერ საბოტაჟში არიან, ზოგჯერ საკუთარი ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანს არ სცემენ პატივს. ეს ახალი არ არის. როდესაც საუბარია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთო მიზანი და ყველა უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ საქართველოში ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებს ევროკავშირისთვის გაეგზავნათ წერილი. როგორც თალაკვაძე ამბობს, მარგველაშვილისგან წერილი მიიღო, თუმცა ამას ხელს ვერ მოაწერს, რადგან დოკუმენტის გარკვეული ნაწილი მისთვის გაუგებარია.
კერძოდ, როგორც თალაკვაძე განმარტავს, დოკუმენტის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, ევროპეიზაციის გზაზე და ამის პარალელურად ითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირში მიიღონ.
„მივიღე და წავიკითხე, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ამ დოკუმენტის ერთი ნაწილი, სადაც დოკუმენტის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, ევროპეიზაციის გზაზე და შემდეგ დანარჩენი ტექსტიც ამ ნაწილთან შეუსაბამოა. აქვს უკუსვლა და მეორე მხრივ, გთხოვთ, მიგვიღონ ევროკავშირში, ალბათ რთული იქნება ჩემს ქვეყანაზე და ჩემს სამშობლოზე ასეთ განცხადებას მოვაწერო ხელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.