არჩილ თალაკვაძე - საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხის კედლებში დისკომფორტი აქვს, არის ასიათასობით პატიმრის და მათი ოჯახების დაცინვა, ვინც თუნდაც, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო საპატიმროში
საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხის კედლებში დისკომფორტი აქვს, არის ასიათასობით პატიმრისა და მათი ოჯახების დაცინვა, ვინც თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო საპატიმროში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ეს რა საუბარია, საერთოდ?! მითხარით. პირდაპირ გეუბნებით – ეს არის იმ ასიათასობით პატიმრისა და მათი ოჯახების დაცინვა, ვინც თუნდაც, სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო საპატიმროში. ყოველ მეორე-მესამე დღეს იყო თითო გარდაცვალება. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე. როდესაც ჩვენ უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ, ყოველ მეორე და მესამე დღეს ჰყავდათ გარდაცვლილი პატიმარი. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არათუ მკურნალობას, დიაგნოსტიკის უფლებასაც არ აძლევდნენ, რათა საკუთარი დიაგნოზი არ სცოდნოდათ. საკვებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ოჯახებს მიცვალებულები ჰქონდათ სათხოვარი, რომ როგორმე, მიცვალებულები მაინც მიეცათ ოჯახებისთვის დროულად და საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რა დისკომფორტი?! კონკრეტულად გველაპარაკონ, პროფესიულად, რა არის ის მკურნალობები, რომელიც სჭირდება და არ მიეწოდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ადაპტაციური პრობლემები აქვს პატიმრების თუ მეტს არა, 80%-ს, რომელიც საპატიმროში პირველად შედის.
„იმიტომ, რომ ხდება თავისუფლების აღკვეთა. ისინი შორდებიან სოციუმს, ოჯახებს და ეზღუდებათ ბევრი უფლება, რაც ადამიანებს თავისუფლებაზე აქვთ. ადაპტაციური პრობლემები და სტრესი აქვს ყველა პატიმარს, ვინც სასჯელაღსრულების სისტემაში შედის, მაგრამ კანონმდებლობა და კონსტიტუცია არ იცნობს ასეთ პრინციპს, რომ რადგან ადამიანს ადაპტაციური პრობლემები აქვს და ციხეში ყოფნა უჭირს, ის უნდა გათავისუფლდეს, ან გადავიდეს სხვა ქვეყანაში კურორტზე თუ რომელიღაც საავადმყოფოში. სხვათა შორის, ასეთი რამ არც ევროპულ კანონმდებლობაში არ არსებობს. ამაზე საუბარი უბრალოდ, ნონსენსია. დაცინვაა ამაზე საუბარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.