არჩილ თალაკვაძე - სასამართლო დღეს არის ბევრად გამჭვირვალე, ამას ადასტურებს გაუმჯობესებული საერთაშორისო შეფასებები, ევროსასამართლოში სარჩელები 60 პროცენტით შემცირდა
არჩილ თალაკვაძე - სასამართლო დღეს არის ბევრად გამჭვირვალე, ამას ადასტურებს გაუმჯობესებული საერთაშორისო შეფასებები, ევროსასამართლოში სარჩელები 60 პროცენტით შემცირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისშეფასებით, სასამართლო 2012 წლის და მანამდელ პერიოდთან შედარებით, დღეს არის ბევრად გამჭვირვალე და ეფექტიანი სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით.

თალაკვაძის თქმით, ამას ადასტურებს ის, რომ სასამართლოს საერთაშორისო შეფასებები გაუმჯობესებულია და ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები 60 პროცენტით არის შემცირებული.

„ვფიქრობ, ცოტა განწყობის საკითხიც არის. რა განწობითაც მოისმენთ, ალბათ ინტერპრეტაციაც ის არის. არ მგონია, რომ ასეთი მძიმე შეფასებები გააკეთა მან (ბორელი). მან გააკეთა მომავალზე ორიენტირებული განცხადება, რომელიც ასევე არის ჩვენი გამოხატული პოლიტიკური ნება. კერძოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლო დღეს, 2012 წლის და მანამდელ სასამართლოსთან შედარებით, არის ბევრად უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. რა ადასტურებს ამას? ამას ადასტურებს ის, რომ ჩვენი სასამართლოს საერთაშორისო შეფასებები გაუმჯობესებულია, ამას ასაბუთებს ის, რომ ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები 60 პროცენტით შემცირდა, რაც შეიძლება, უხეშად პირდაპირ ასე გადავთარგმნოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ქვეყანაში 60 პროცენტით უფრო მეტად პოულობენ სამართალს, ამიტომ აღარ მიდიან ევროსასამართლოში. წინა ხელისუფლების პირობებში ეს იყო პირიქით, აქ ვერ პოულობდნენ სამართალს და მიდიოდენენ ევროსასამართლოში.

ამას ემატება რეფორმების ოთხი ტალღა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში განახორციელა, ამას ემატება ჩვენი მზადყოფნა, რაც არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მოლაპარაკებებშიც დავადასტურეთ, რომ განვაგრძოთ რეფორმები. არის კონკრეტული რეკომენდაციები და ჩვენ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ, დღესაც შეგვიძლია, ეს დავადასტუროთ, როდესაც შეთანხმება შედგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, სასამართლო სწორი მიმართულებით ვითარდება.

„თუ თქვენ მეტყვით მნიშვნელოვან საქმეებს, რომელიც შეიძლება, სატესტო იყოს სასამართლოსთვის, თუ ვთქვათ სტატისტიკის არ გჯერათ, მაგაზეც შემიძლია თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ. გვახსოვს, თუნდაც მედიასთან დაკავშირებული ძალიან ცნობილი საქმე, რაზეც სასამართლოს ორი წელი აკრიტიკებდნენ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ქართულ სასამართლოს ჰქონდა სწორი გადაწყვეტილება მიღებული.

ამიტომ, რა თქმა უნდა, აღქმები ძალიან საყურადღებოა, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, ვინ ქმნის აღქმებს ქვეყანაში. ქვეყანაში  აღქმებს ქმნის, როდესაც ბევრი პოლიტიკოსი იმეორებს ერთი და იგივე შეფასებას, როდესაც შემდეგ მისი მხარდამჭერი მედია ამას აშუქებს კვირაში 100-ჯერ. აღქმები ყალიბდება ძირითადად ასე, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღება ამას არ უნდა მივაქციოთ. ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ველოდებით, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ თქვენთან ვადასტურებ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეფორმების განხორციელებაზე მზადყოფნას. მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო შედგება პოლიტიკური შეთანხმება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.