საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ოფისის დირექტორს საქართველოში, ალან გილემს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტსა და „ენდიაის“ შორის თანამშრომლობის გეგმას, პარლამენტის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ახალ ინიციატივებს.
მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ „ენდიაის“ ოფისის დირექტორთან განიხილა ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მეათე მოწვევის პარლამენტი დონორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ემზადება – მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, თემატური კვლევების მხარდაჭერა, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივებს დაეხმარება, საპარლამენტო პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების მხარდაჭერა.
ალან გილემმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამოთქვა მზადყოფნა, რომ „ენდიაის“ განაგრძობს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერას.