არჩილ თალაკვაძე - საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ
საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, როგორც ეს ევროპაში ხდება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.
თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებები პარტიებს შესაძლებლობას აძლევს, არჩევნებში მონაწილეობა სურვილისამებრ – დამოუკიდებლად ან ბლოკებით – მიიღონ.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებული დემოკრატიული რეფორმებით, ასევე, იმ ცვლილებებით, რომელიც კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში ავსახეთ, საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, როგორც ეს ევროპაში ხდება. ეს არის ნორმალური პროცესი. დღეს ქვეყანაში ისეთი ფაქტორი არ არსებობს, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო, რაც პოლიტიკის დემონიზაციას შეუწყობდა ხელს.
ყველა ევროპული ქვეყნის არჩევნებში პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ან ინდივიდვალურად, ან პოლიტიკური ბლოკების საშუალებით. განახლებულ კანონმდებლობაში ჩვენ ოპოზიციისთვის ორივე შესაძლებლობა შევქმენით. მათი გადასაწყვეტია, მონაწილეობას ინდივიდვალურად მიიღებენ თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი საკითხი. ჩვენთვის მთავარია ის, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული, ჩვენ პოზიტიური დღის წესრიგი გვაქვს. გარდა ამისა, როგორც ხელისუფლება, მზად ვართ, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატაროთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა.