საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმენთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. აგრეთვე, იმსჯელეს პანდემიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ტურიზმის აღდგენის აუცილებლობაზე. ხაზი გაუსვეს ორმხრივ ინტერესს, გაფართოვდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და მოხდეს საქართველოში ავსტრიული ბიზნესისა და ინვესტიციების ზრდა.
„მხარეებმა ისაუბრეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირი-ს დასკვნა ჩატარებული არჩევნების შესახებ, არის ოქროს სტანდარტი და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან განიხილა ის შესაძლებლობები, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების გადასამოწმებლად. ასევე, ხაზი გაუსვა ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხრიდან საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.