არჩილ თალაკვაძე - საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი
არჩილ თალაკვაძე - საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი

ძალიან პოზიტიურად შევაფასებდი ვიზიტს აზერბაიჯანში, გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ჩვენს კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი.

„ძალიან აქტიურია მეგობრობის ჯგუფი პარლამენტებს შორის. ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალთან დაკავშირებით. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი, ის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი, რაც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ორი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს უფრო მტკიცე, უფრო შედეგიანი ჩვენი ხალხისთვის.

საქართველო მხარს უჭერს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და მზად არის, რომ მომავალშიც წვლილი შეიტანოს მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაში, რომლისთვისაც დღეს არის რეალურად განწყობილი ლიდერი ამ ქვეყნის. ჩვენი მხრიდან პრემიერ-მინისტრი, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოს ამ შეთანხმებას. საქართველო იყო ყოველთვის ის სივრცე, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი საუბრობდნენ ერთმანეთთან. დღეს ჩვენი მედიაცია, ჩვენი მონაწილეობა არის ნამდვილად საჭირო და აქ, ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ისინი აფასებენ და მიესალმებიან საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში. ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.