არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ აღმართული უკანონო მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და საქართველო გაერთიანდება
მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ – ნებისმიერ მომენტში, მთელი კვირის განმავლობაში, დღითა და ღამით, ყოველთვის მზად ვართ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დასჭირდება სამედიცინო თუ სხვა რაიმე ტიპის მომსახურება, დავეხმარებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ გავაკეთეთ ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ, სადაც ასევე უპირობოდ ვთავაზობთ და გთავაზობთ ბიზნესშესაძლებლობების, განათლების, მოგზაურობის და სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობას. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება თანამოქალაქეების მიმართ და ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, მომავალში როგორ შეიძლება ეს კონფლიქტები ამოიწუროს და საქართველომ აღადგინოს თავის ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და რუსეთის ფედერაციას, რომელიც პასუხისმგებელია ოკუპაციაზე, მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ გამოჩნდა არაერთხელ, როდესაც ხდებოდა ადამიანების უკანონო დაპატიმრებები, გატაცებები, მკვლელობის შემთხვევები. გვახსოვს ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, ოთხოზორიას ტრაგიკული შემთხვევა. ამაზე ჩვენ რეაგირება გავაკეთეთ და ეს თემები იქნება ყოველთვის დღის წესრიგში“,- აღნიშნა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოვა დრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ აღმართული უკანონო მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება.
„ ამ დღეებში, როდესაც მათ ხანდაზმულ ადამიანს არ მისცეს საშუალება, სამედიცინო მომსახურება მიეღო და დღესაც ერთ-ერთ პაციენტს არ აძლევენ ამის საშუალებას, ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებას ადამიანის და ადამიანის უფლებების მიმართ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა ვითარებაა რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ვერ გაგრძელდება დიდხანს. როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი, მოვა დრო, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ აღმართული უკანონო მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და საქართველო გაერთიანდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.