არჩილ თალაკვაძე - საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ შეიცვლება
საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რომელსაც საზოგადოება და ხელისუფლება ერთად ახორციელებს, რა თქმა უნდა, ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს გაცხადებული თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი.
„საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად იგონებს თემებს და თავადვე პასუხობს, ასევე მის მიერ კონტროლირებად მედიაში მართავს განხილვებს, სადაც მაგიდის ორივე მხარეს თავად ზის. ჩვენ არ ვაპირებთ, კომენტარები გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატიმრობაში მყოფ მის ლიდერს, თუ რა იდეები მოსდის და რა განცხადებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს თავისივე განცხადებას უარყოფს, რაც არის უკიდურესად არასერიოზული პოლიტიკური ძალა.
ამ რთულ დროში, როცა ხელისუფლებას საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ბევრი საქმე აქვს და ბევრი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, არ მიმაჩნია გონივრულად, მთელი დრო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების კომენტირებას დავუთმოთ. მათ ჰყავთ თავიანთი კომენტატორები, თავისი მედია აქვთ და თავის ოთახში შეუძლიათ, გააკეთონ ყველაფერი. ისინი არიან პოლიტიკურ აფსაითში და ყოველდღე ცდილობენ, მოედანზე შემოვიდნენ. მოღალატეობრივ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლებაში ატარებდნენ, დღესაც აგრძელებენ. საზოგადოებამ მათ ამ ქმედებებზე საკუთარი პოზიცია არჩევნებში არაერთხელ დააფიქსირა. საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რომელსაც საზოგადოება და ხელისუფლება ერთად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.