არჩილ თალაკვაძე - საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტში ასახულია ჩვენი ხალხის ურყევი ნება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტში ასახულია ჩვენი ხალხის ურყევი ნება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დღეს აღნიშნულ დოკუმენტს განიხილავენ.
„განსახილველ საკითხებში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. მოგეხსენებათ, საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ პირველი დოკუმენტი, რომელსაც დაამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი, შეეხებოდა სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ამ დოკუმენტს განიხილავს. აქ არის ასახული ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ურყევი პოლიტიკური ნება, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა ეს რეზოლუცია მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.