არჩილ თალაკვაძე -  თავდაცვის კოდექსი მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას
არჩილ თალაკვაძე - თავდაცვის კოდექსი მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას

ჩვენ ვგეგმავთ, ტოტალური თავდაცვის მექანიზმებების გაძლიერებას-საქართველოს პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომელიც მოაწესრიგებს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, გააუმჯობესებს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობას და მოახდენს თავდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების კოდიფიცირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ნდობის ჯგუფის, საკომიტეტო მოსმენების და საპარლამენტო კონტროლის სხვა მექანიზმების გამოყენებით, პარლამენტი აქტიურ ზედამხედველობას განახორციელებს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საპარლამენტო დიპლომატიას და პარლამენტის ჩართულობას საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამ მხრივ, ჩვენ გვყავს გამორჩეული გუნდი და საერთაშორისო დონეზე საპარლამენტო კავშირების გაძლიერება იქნება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. 2020 წლის 29 დეკემბერს, ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მომდევნო ოთხი წლისთვის განსაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ამით, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის, ქართული დიასპორისა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვის პრიორიტეტულობის შესახებ. უფრო მეტიც, ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლისთვის საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. 2024 წლამდე ჩვენი ქვეყნის სათანადოდ მომზადებისთვის საქართველოს პარლამენტი აქტიურად იმუშავებს მთავრობასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.