არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტი, ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს არის მომავალზე ორიენტირებული, როგორც არასდროს
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტი, ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს არის მომავალზე ორიენტირებული, როგორც არასდროს

რაც შეეხება პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებას. პარტნიორ პარლამენტებთან და ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს ღონისძიებებს ინსტიტუციური განვითარების, აპარატის თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერების და მათთვის კომფორტული სამუშაო პირობების ჩამოყალიბების მიმართულებებით. რა თქმა უნდა, კომფორტში, პირველ რიში, იგულისხმება ჩვენი პასუხისმგებლობების და ჩვენი მოვალეობების შესრულება ისე, როგორც ამას ჩვენგან მოქალაქეები მოელიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა უკვე შექმნა საპარლამენტო საბჭოები, მათ შორის, ბავშვის უფლებათა დაცვის, ღია მმართველობის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები.

„ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ამ ფორმატებში საპარლამენტო საქმიანობას, ვგეგმავთ უახლოეს მომავალში შეხვედრას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან, რათა ყველა სექტორული მიმართულებით განვიხილოთ მათთან სამომავლო გეგმები და შესაბამისად, მათი ძალისხმევაც იყოს ეფექტურად კოორდინირებული. მსურს, მადლობა გადავუხადო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებს, მათ შორის, არაერთი დღეს იმყოფება მეათე მოწვევის პარლამენტშიც, ვინაიდან გასული წლის ანგარიში და შესრულებული სამუშაო მათი ძალისხმევითაც მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ მსურს მივმართო ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი დღეს არის მომავალზე ორიენტირებული როგორც არასდროს. პანდემიას ჩვენ, მსოფლიოსთან ერთად, აუცილებლად დავამარცხებთ, მაგრამ მთავარია, ის ხედვა და განვითარების გეგმა, რომელიც პოსტ პანდემიურ პერიოდში ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი შეასრულებს საკუთარ ფუნქციას როგორც საკანონმდებლო, ისე საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პროაქტიულ და პოზიტიურ დღის წესრიგზე გადავერთოთ და ჩვენი ქვეყნის მთავარი ამბები ყოველდღიურად იყოს თუ რა კეთდება, თუ როგორ ვპასუხობთ პრობლემებს, თუ როგორ ვაგვარებთ იმ საკითხებს, რისთვისაც თითოეული თქვენგანი საზოგადოებამ აირჩია. დეტალური ასგვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნებულია და ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს შეუძლია დაწვრილებით ნახოს ის ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა და რის გაკეთებას ვგეგმავთ მომავალში, ჩემი სათქმელი დღეს ეს იყო“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.