არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, არის უნგრეთი, არ შეიძლება, იყოს კითხვის ნიშნები, უჭერს თუ არა უნგრეთი მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის უნგრეთი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ბუდაპეშტში ვიზიტიც ორიენტირებულია ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე.
თალაკვაძის თქმით, არ შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, უნგრეთი უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
„პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ყველა შესაბამის პოლიტიკოსს, ვინც მუშაობს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ამ თვეების განმავლობაში ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი, შედეგიანი ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ევროპულ დედაქალაქებში. იმ პროგრესთან ერთად, რაც საქართველომ აჩვენა, ამან გამოიღო შედეგი და საქართველომ მიიღო მხარდაჭერა, რეკომენდაცია და მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოს მეგობრებს შორის, ვინც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, არის უნგრეთი, უნგრეთის მთავრობა. შესაბამისად, ეს ვიზიტიც არის საქმიანი, ორიენტირებული ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს ევროპულ მომავალზე. კითხვის ნიშნები არ არის და არც შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, უნგრეთი უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მადლიერი ვართ ყველა ჩვენი მეგობრის, ვინც საქართველოს მხარს უჭერდა წლების განმავლობაში, ვისაც სჯეროდა, რომ ჩვენ დემოკრატიული რეფორმებით, ეკონომიკის გაძლიერებით, უსაფრთხოების უკეთ დაცვით მივიდოდით ამ გადაწყვეტილებასთან. დღეს საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, რის შემდეგაც ასევე გახსნილი გვაქვს დისკუსია, ვმუშაობთ უკვე სამომავლო გეგმაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რა სამუშაო გვექნება ერთად გასაკეთებელი და საქართველო როგორ გაწევრიანდება ევროკავშირში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კითხვაზე, „უნგრეთი ხომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის შემდეგ ეტაპზე გადასვლას და ეს საფრთხეს ხომ არ შეუქმნის მოლდოვასა და საქართველოს?“, – არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და მაღალი მოლოდინია, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპზეც ექნება მხარდაჭერა.
„ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ უკრაინასა და მოლდოვას. ვერ გეტყვით, ვერცერთი სხვა ქვეყნის სახელით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები, მაგრამ ერთი რამ არის ლოგიკური – გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს ლოგიკურად გულისხმობდა, რომ უკრაინა შემდგომ ეტაპზეც ელოდება და სჭირდება მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებიდან. თუ კანდიდატის სტატუსს დაუჭირეს მხარი, რა თქმა უნდა, არის მაღალი მოლოდინი, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპზეც ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „უნგრეთში ვიზიტი ხომ არ დაიგეგმა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა უკრაინის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად ვეტოს დადებაზე დაიწყო საუბარი?“ – თალაკვაძის განმარტებით, ასეთი დონის ვიზიტი სპონტანურად ვერ შედგება და მას წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაოები.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნგრეთი არის ის სახელწმიფო, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.