არჩილ თალაკვაძე - საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ
საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო რეფორმით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური ტიპის, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად.
„საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოხატავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ეს არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დოკუმენტი. საკონსტიტუციო რეფორმით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური ტიპის, სტაბილური პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად. პარლამენტის წინა თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით და ლიდერობით, IX მოწვევის პარლამენტმა წარმატებით შეძლო საკონსტიტუციო რეფორმის დაწყება და სრულად განხორციელება. თითოეულ დეპუტატს გვეამაყება, რომ ამ ისტორიული ცვლილებების თანამონაწილენი ვართ. მადლობას იმსახურებს საკონსტიტუციო რეფორმის თითოეული მონაწილე სამოქალაქო სექტორიდან, აკადემიური და საექსპერტო წრეებიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები – ვინც საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანა ამ საქმეში“, – განაცხადა არჩილ თალკვაძემ.