არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლებას ვლადიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს და მომავალში კიდევ უფრო პოზიტიურ თანამშრომლობას ელოდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს და მომავალში კიდევ უფრო პოზიტიურ თანამშრომლობას ელოდება.
ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის პრეზიდენტის ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
თალაკვაძის თქმით, მამუკა ბახტაძეს საერთაშორისო მასშტაბით კარგი მეგობრები ჰყავს.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს და მომავალში კიდევ უფრო პოზიტიურ თანამშრომლობას ველოდებით. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად გარკვეული აქტივობა სჭირდება და „რუსთავი 2“ ცდილობს, რომ მისი პიარსამსახურის ფუნქცია შეითავსოს. მამუკა ბახტაძე ცდილობს, რომ მისი საერთაშორისო კონტაქტები ქვეყანასა და მთავრობის წარმატებას მოახმაროს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ჩააბარა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. მთავარია, მომავალი და ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ამ გეგმებში მიხეილ სააკაშვილი არ არის”, – განაცხადა თალაკვაძემ.