არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრებთან საუბრისთვის ყველა თემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ეხება
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრებთან საუბრისთვის ყველა თემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ეხება

საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრებთან საუბრისთვის ყველა თემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას ეხება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკავაძეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„საქართველოს ხელისუფლება მზად არის და მომავალშიც მზად იქნება მეგობრებთან საუბრისთვის ყველა იმ თემაზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, მეგობრობას ეხება, იქნება ეს პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თუ სავიზო საკითხების განხილვა. რეგიონში არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები, საქართველო დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირეა რეგიონში, შესაბამისად, ჩვენ ამ და სხვა საკითხებზე საუბრისთვის ყოველთვის მზად ვართ. რაც შეეხება წინასწარ სპეკულაციებს, გვესმის, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ისევ გარეთ ეძებს მხარდაჭერას, რომელიც უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი ხალხისგან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არაერთხელ დამარცხების შემდეგ მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ. ერთადერთი, რაზეც იმედებს ამყარებენ, ეს არის დესტაბილიზაცია, ქვეყანაში არეულობის შემოტანა და მცდელობა, ასე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა, რაზეც თალაკვაძემ აღნიშნა:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია, არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება და საკითხი უკვე ძალიან აშკარა, მარტივია. სასამართლომ ევროპაში მიიღო გადაწყვეტილებები, ეს გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს და აქ არანაირი კითხვის ნიშნები, პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება, იყოს. თუმცა ჩვენ დღეს გვყავს ისეთი ოპოზიცია და მათ ისეთი ლობისტები ჰყავთ, რომლებიც ამაზეც სპეკულირებენ. რაზე სპეკულირებენ, რა გინდათ, რა გაინტერესებთ? ევროპის შუაგულში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბატონი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ და ეს გადაწყვეტილება, სამართალი უნდა აღსრულდეს. რაც შეეხება სპეკულაციებს და ამის დაკავშირებას ჩვენს სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესებთან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში საპირისპირო დაამტკიცა, რომ არანაირი ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება სამშობლოსა და ფინანსებს შორის. ეს მან არაერთხელ დაამტკიცა, შესაბამისად, მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ სპეკულაციები, დაუბრუნდეთ სერიოზულ საკითხებს. პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ქვეყნის ორი უმაღლესი ხელისუფალი ხვდება ჩვენი სტრატეგიული მეგობრის, აშშ-ის წარმომადგენელს. შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ შეხვედრა, კომუნიკაცია არ არსებობს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.