არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთ ემოციურ ნაბიჯს და შეცდომას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები
საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთ ემოციურ ნაბიჯს და შეცდომას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში მივა, სადაც ოპოზიციას კითხვების დასმის საშუალება ექნება. ამასთან არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.
„ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შედგა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მხარდაჭერილი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ის ეხებოდა ქვეყნის დეოკუპაციის საკითხებს, ეხებოდა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს. საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს გამოყენებული, რომ ეს პროცესი ჩიხიდან გამოვიდეს და მოხდეს დე-ესკალაცია.
ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის პრაგმატული, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთ ემოციურ ნაბიჯს და შეცდომას, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ბატონი ზალკალიანის დაბარებას სანამ ოპოზიცია მოითხოვდა, ის მინისტრის საათის ფორმატში ისედაც მოდიოდა. ოპოზიციის პასუხად, მან გადმოსწია უფრო ადრე მინისტრის საათის ფორმატში მოსვლა, შესაბამისად ოპოზიციას ურჩევია მოემზადოს ჩამჭრელი კითხვებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ნაციონალური მოძრაობამ“ დაიბარა. დავით ზალკალიანი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში 15-18 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში წარდგება.