არჩილ თალაკვაძე - საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს
საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მედვედევის განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში.
„საქართველოს არსებობის ხუთ ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. ეს განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში, საფრთხეებითა და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხეები ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.