არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში, მზად ვართ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც, საბოლოო ჯამში, დასრულდება ევროკავშირში გაწევრიანებით
ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციაში ცხადად არის ნათქვამი, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, ევროკავშირთან ერთად რაც შეიძლება მოკლე ვადებში განახორციელოს ის რეფორმები, რაც, საბოლოო ჯამში, დასრულდება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით.
„გუშინ ვერსალის სასახლეში შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ესწრებოდნენ და ერთხმად იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული საბჭო მხარს უჭერს გაწევრიანების მოთხოვნაში. ეს განაცხადები გადაეცა ევროკომისიას და ეთხოვა, წარმოადგინოს საკუთარი პოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, სამივე სახელმწიფომ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ.
ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციაში ცხადად არის ნათქვამი, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია. საქართველოს ადგილია ევროპულ ოჯახში და მზად ვართ, ევროკავშირთან ერთად რაც შეიძლება მოკლე ვადებში განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც საბოლოო ჯამში, დასრულდება საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს, არ შეიძლება, მათ პოზიციებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ სიტუაციაში. ისინი მოქმედებენ ვიწროპარტიული ინტერესებით. რეალობა გახლავთ ის, რომ როგორც აშშ-მ, ასევე ევროკავშირმა, მაღალი დონის სპიკერებმა არაერთხელ შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველო ამ მძიმე ვითარებაში დგას უკრაინის გვერდით და ჩვენი სოლიდარობა ძალიან ცხადია. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი დასრულდეს და უკრაინის მშვიდობიანი მომავალი იყოს გარანტირებული.
დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ. ეს არის უკრაინის მტკიცე სოლიდარობა, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ერთგულება, ეროვნული ინტერესების სრულად გათვალისწინება ჩვენს საქმიანობაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ იმავეს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის ინტერესი გახლავთ შიდა დესტაბილიზაცია და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით რაიმე შედეგის მიღწევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.