არჩილ თალაკვაძე - საქართველომ რეფორმებით, რომლებიც ხელისუფლებამ გაატარა, შეძლო, შედარებით ნაკლები ზიანით შეხვედროდა გლობალურ პანდემიას
საქართველომ იმ რეფორმებით, რომლებიც ხელისუფლებამ გაატარა, შეძლო, შედარებით ნაკლები ზიანით შეხვედროდა გლობალურ პანდემიას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„გლობალური პანდემიის გამო მსოფლიოში ახლა არის ეკონომიკური რეცესია, მნიშვნელოვანი სექტორები, რომლებსაც ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკა ეყრდნობოდა, სამწუხაროდ შემცირების ტენდენციაშია, თუმცა იმ რეფორმებით, რომლებიც ჩვენ წინა წლებში გავატარეთ, საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში“, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, შედარებით ნაკლები ზიანით შეხვედროდა გლობალურ პანდემიას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მომდევნო და მნიშვნელოვანი საზრუნავი იქნება ეკონომიკის აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მიმდინარე რეჟიმში იმ მოქალაქეების დახმარება, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
„ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ დარწუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით შევძლებთ ამ ამოცანის წარმატებით შესრულებას. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებლად პანდემიას ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური გამოწვევა, საქართველო არის ჯანდაცვის მსოფლიო სისტემის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი. შესაბამისად, საქართველო არის ინტეგრირებული საბაზრო ეკონომიკაში, იმედს ვიტოვებ, რაც შეიძლება გონივრულ დროში, ჩვენ ეკონომიკის აღდგენის რეალურ ტენდენციას ვაჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.